7 ნოემბერს, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე საბიუჯეტო ინიციატივების შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეკომენდაციების შემუშავების პროცესში სხვადასხვა სექტორისა და ასაკობრივი ჯგუფის 40-მდე წარმომადგენელი ჩაერთო. თავისუფალი სივრცის ტექნოლოგიის გამოყენებით, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო 5 საბიუჯეტო პრიორიტეტის მიხედვით, თანამოაზრეებთან ერთად ემსჯელათ და მოემზადებინათ საბიუჯეტო წინადადებები. შეხვედრას 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ესწრებოდა და უზრუნველყოფილი იყო ჟესტური ენის თარგმანით.
შეხვედრის ორგანიზებაში და ჯგუფური მუშაობის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების – „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ (CER), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისის (NCCE) წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პედაგოგები.
შეხვედრის ფარგლებში 34 სხვადასხვა რეკომენდაცია შემუშავდა, როგორიცაა ახალგაზრდული, განათლების, ინფრასტურქუტურული თუ შეზღუდული შესაძლებლობების გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯები. რეკომენდაციები წარედგინება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს.
შეხვედრა ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.