საქართველოს მოქალაქეებს, თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გარდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამატებითი და ინოვაციური მექანიზმების დახმარებითაც შეუძლიათ ჩაერთონ ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში. კოდექსი ტოვებს სივრცეს ინოვაციებისათვის, იგი ადგილობრივ თვითმმართველობებს აძლევს უფლებას, გარდა კანონით განსაზღვრული მექანიზმებისა, დანერგონ მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმებიც.
ამ ტიპის ინსტრუმენტები მოქნილია, მათი ადაპტირება შესაძლებელია მიზნიდან და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. რაც ერთგვარი უპირატესობაცაა, კოდექსით გათვალისწინებულ მექანიზმებთან შედარებით.
მაშ ასე, გაეცანით მოქალაქეთა მონაწილეობის ძირითად, ინოვაციურ რამდენიმე ფორმას:
თავისუფალი სივრცე – ამ მექანიზმს აქვს შეხვედრის მოქნილი ჩარჩო, რომელიც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავად წამოწიონ მათთვის მნიშვნელოვანი ასპექტები, განსაზღვრონ დღის წესრიგი, გამართონ დისკუსია, შეიმუშავონ რეკომენდაციები და წინადადებები.
მოქალაქეთა ქარტია – მექანიზმი გულისხმობს ურთიერთგაგების დოკუმენტის შექმნას – მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას კონკრეტული სერვისის ხარისხის, სტანდარტების, პროცედურების, საფასურის შესახებ. ამ დოკუმენტზე ხელმომწერი სერვისის მიმწოდებელი პასუხისმგებლობას იღებს გარკეული სტანდარტის შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს მოქალაქეებს. მექანიზმი საშუალებას იძლევა უფრო გამჭვირვალე და ხარისხიანი გახდეს სერვისის მიწოდების პროცესი.
შარეტი – ეს არის მონაწილეობითი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოების რიგით წევრებს, რათა ერთობლივი მუშაობით საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური გადაწყვეტილებები მიიღონ.
ღია თვითმმართველობა – მექანიზმის მიზანს დაინტერესებული მხარეების ინფორმირება წარმოადგენს, თუმცა შეიძლება იგი უკუკავშირის მიღების მიზნითად ჩატარდეს. იგი გულისხმობს თვალსაჩინოებების საშუალებით გამართულ ღონისძიებას – მაგალითად გამოფენას, ვიზუალური მასალის წარდგენას და ასე შემიდეგ.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება – ეს მექანიზმი გულისხმობს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობას. მისი მთავარი პრინციპი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს გადაწყვიტონ თუ როგორ განაწილდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსები. ამ მექანიზმის დანერგვა განაპირობებს ფინანსების ეფექტურ მართვასა და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.