მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის, აგრეთვე მთავრობის (თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში) სხდომები საჯაროა. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა დახურულად არის გამოცხადებული.
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების, წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებლოს კომისიის საჯარო სხდომებს. მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საჯარო სხდომაზე გააკეთონ განცხადებები და დასვან კითხვები.
როგორია სხდომაზე დასწრების ორგანიზების პროცედურა?
ნაბიჯი 1 – საკრებულოს აპარატი ვებ–გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით აქვეყნებს ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ, სხდომამდე 7 დღით ადრე;
ნაბიჯი 2 – მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს წინასწარი ნებართვის გარეშე შეუძლიათ დაესწრონ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომას. საკრებულოს აპარატი ვალდებულია მოქალაქეები უზრუნველყოს შესაბამისი ადგილებით, ხოლო დარბაზში არასაკმარისი ადგილების შემთხვევაში, მათთვის უზრუნველყოს სხდომის ტრანსლირება;
ნაბიჯი 3 – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, დამსწრეებს უფლება აქვთ დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს, გააკეთონ განმარტებები, განცხადებები, წარადგინონ ინფორმაცია.