ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და აირჩიოს მისი მიღების ფორმა, თუ რა თქმა უნდა ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არსებობს. აგრეთვე, შესაძლებელია ინფორმაციის დედანში გაცნობა.
საჯარო ინფორმაციის გასაცნობად საჭიროა წერილობითი განაცხადის წარდგენა, თუმცა აუცილებელი არ არის ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი მიეთითოს განცხადებაში.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ პასუხი არ მოითხოვს ინფორმაციის ძიების, დამუშავების სტადიებს.
მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელონ ღონისძიებები თავიანთი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის, კერძოდ, პროაქტიულად გამოაქვეყნონ ან/და საჯაროდ გამოაცხადონ:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე, მთავრობის სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
- სამოქალაქო მრჩეველ საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
- დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმისა ან მისი ალის მიღებიდან 10 დღის ვადაში;
- ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგისა და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;
- საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;
- მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
- მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
- მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
- პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
- წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.