სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის, თბილისის შემთხვევაში რაიონის გამგებლის, სათათბირო ორგანო. აღნიშნული მექანიზმი ჰიბრიდული ხასიათისაა – ერთი მხრივ წარმოადგენს საზოგადოებრივ საწყისებზე მერის მრჩეველთა ორგანოს, მეორე მხრივ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმი.
მრჩეველთა საბჭო მერის წარდგინებით იხილავს ბიუჯეტის პროექტს, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს, სახელდების წინადადებებს, სხვა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს მერს.
ვინ შეიძლება იყოს საბჭოში?
- საბჭო არანაკლებ 10 წევრისგან შედგება;
- თანაბრად არიან წარმოდგენილი საზოგადოების (მოსახლეობის), არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები;
- საბჭოს შემადგენლობაში საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მინიმუმ 13–ია;
- საბჭოს ფორმირების წესი განსაზღვრულია დებულებით – წევრები ირჩევა კონკურსის წესით, ან საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შესაბამისი კანდიდატურის წარდგენის წესით.
როგორ მუშაობს მრჩეველთა საბჭო?
ნაბიჯი 1 – მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს განცხადებას მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შესახებ;
ნაბიჯი 2 – დაინტერესებული პირები წარადგენენ კანდიდატურებს;
ნაბიჯი 3 – მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შესახებ, რომელშიც დაცულია გენდერული და სხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის ბალანსი და ამტკიცებს საბჭოს დებულებას;
ნაბიჯი 4 – მუნიციპალიტეტის მერი არანაკლებ სამ თვეში ერთხელ მართავს მრჩეველთა საბჭოს სხდომებს. წარუდგენს კანონით განსაზღვრულ პროექტებს და ასევე, იღებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებს;
ნაბიჯი 5 – მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, მდივანს ან საბჭოს თავმჯდომარეობს მერი. შესაძლებელია, მერის ბრძანებით, საბჭოს მართვის განსხვავებული წესიც დადგინდეს;
ნაბიჯი 6 – საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით და იგი შესაბამისი ოქმით ფორმდება, რომელიც წარედგინება მერს.