პეტიცია წერილობითი კოლექტიური თხოვნაა, რომლის ძირითადი ადრესატი მუნიციპალიტეტის საკრებულოა. მონაწილეობის ეს ინსტრუმენტი იძლევა საშუალებას, რომ მუნიციპალიტეტისთვის ან დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემები გადაწყდეს.
ვის შეუძლია პეტიციის წარდგენა?
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ს;
- საერთო კრებას.
როგორია პეტიციის წარდგენის და განხილვის პროცედურა?
ნაბიჯი 1 – სუბიექტის წარმომადგენელი, ამომრჩეველთა სიასთან ერთად, პეტიციას წარადგენს და მას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. წარმდგენს ეძლევა რეგისტრაციის მოწმობა რეგისტრაციაში გატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
ნაბიჯი 2 – თუ პეტიციით ინიცირებულია ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის პროექტი, მაშინ განხილვის სტანდარტული პროცედურა პირდაპირ იწყება – ბიუროს და კომისიების გავლის შემდეგ, უახლოეს სხდომაზე იხილავს საკრებულო;
ყველა სხვა შემთხვევაში, ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას, ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს – სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან პეტიცია ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს;
ნაბიჯი 3 – მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ–ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: პეტიციის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნევა დადგენილების პროექტის მომზადება, ან პეტიცია განსახილველად გადაეცემა საკრებულოს, ან პეტიცია მიიჩნევა მიუზანშეუწონლად. გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენს;
ნაბიჯი 4 – დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი. ან 1 თვის ვადაში მომზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით იღებს 1 თვის ვადაში. განხილვის ვადა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს;
ნაბიჯი 5 – პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენს და აქვეყნებს საჯაროდ;
ნაბიჯი 6 – იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მერის უფლებამოსილებას ეხება, ეგზავნება მერს. იგი ვალდებულია განიხილოს და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, განხილვიდან 1 თვის ვადაში, აცნობოს შედეგები. ვადა შეიძლება, საკრებულოს ბიუროს თანხმობით, 1 თვით გაგრძელდეს.