მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, გამართოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიშის განხილვისას უპასუხოს დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებს. საჯარო შეხვედრა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია და დასვან კითხვები გაწეული საქმიანობის, ასევე მომავალი გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ.
როგორია ანგარიშის საჯარო მოსმენის პროცედურა?
ნაბიჯი 1 – საკრებულოს წევრების ანგარიშის წარდგენის განრიგსა და ადგილს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი თავად განსაზღვრავს ანგარიშის წარდგენის ადგილსა და თარიღს;
ნაბიჯი 2 – საკრებულოს აპარატი და მერია, შეხვედრის გამართვამდე 7 დღით ადრე აქვეყნებენ ინფორმაციას ანგარიშების საჯარო მოსმენის ადგილისა და დროის შესახებ;
ნაბიჯი 3 – საკრებულოს მაჟორიტარი წევრები ანგარიშის საჯარო მოსმენას მართავენ სამაჟორიტარო ერთეულში. პროპორციული წესით არჩეული წევრები – საკრებულოს შენობაში. მერის ანგარიშის საჯარო წარდგენა მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას იმართება;
ნაბიჯი 4 – მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული სამუშაოს ამსახველი ანგარიში, წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ქვეყნდება.