მარნეულის კლუბის წევრის ფიდან ასკეროვას ამბავი

05.06.2024

„აქტიური მოქალაქეობა აძლევს ადამიანებს საშუალებას, წვლილი შეიტანონ თავიანთი საზოგადოების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. იგი ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, კუთვნილების და ჩართულობის გრძნობის ამაღლებას, რაც აუცილებელია ცოცხალი, ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად“, ამბობს ფიდან ასკეროვა.

ფიდანი მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ასევე ყიზილაჯილოს #1 საჯარო სკოლის პედაგოგია და ორგანიზაციის „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ დამფუძნებელი.

მან „ჩაერთე მართვის“ კლუბში გაწევრიანება გადაწყვიტა, რათა უფრო აქტიურად შეეწყო ხელი პოზიტიური ცვლილებებისთვის.  იგი აღნიშნავს, რომ კლუბი კარგი პლატფორმაა, რომელიც იდეების გაზიარების, ერთობლივად სხვადასხვა პროექტზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ამას გარდა,  უნარების და შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

ფიდან ასკეროვა კლუბის ფარგლებში არაერთ ღონისძიებაში თუ აქტივობაში მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ეკოლოგიურ მიმართულებას მოიცავდა, ნაწილი მოქალაქის როლის გაძლიერების შესახებ კამპანიას, სოფელში არსებულ გამოწვევებზე საუბარს – განსაკუთრებით სარწყავი წყლის დაბინძურების პრობლემაზე, მის მოგვარების შესაძლო გზებზე მსჯელობას.

ფიდანი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყიზილაჯილოში სათემო პროექტების განხორციელებისთვის. იგი მზად არის ადგილობრივ ახალგაზრდებს გაუზიაროს გამოცდილება, რათა ერთობლივად გააგრძელონ მუშაობა. „მინდა რომ ყიზილაჯილოში ახალგაზრდების მონაწილეობისა და განვითარების ბევრი შესაძლებლობა იყოს. ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, ახალი ინიციატივები გარემოს და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე ინკლუზიური გარემო პირობების შექმნა შშმ ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ქალების უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი პროექტები და ასე შემდეგ“.

კლუბი „ჩაერთე მართვაში“ საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს. კლუბები შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. 

სიახლეები