ცხადდება მიღება სამოქალაქო მონიტორინგის ონლაინ კურსზე

01.03.2024

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,  აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე – სამოქალაქო მონიტორინგი.

თუ ხარ აქტიური მოქალაქე რომელიც დაინტერესებულია თავისი საცხოვრებელი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლით, იმ სახელმწიფო სერვისებითა თუ პროგრამებით, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, ან თუ სურვილი გაქვს ისწავლო როგორ განახორციელო სამოქალაქო მონიტორინგი და ხელი შეუწყო მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მაშინ ეს კურსი აუცილებლად დაგეხმარება.

კურსი განკუთვნილია:

  • აქტიური მოქალაქეებისთვის;
  • თემის ლიდერებისთვის;
  • სამოქალაქო აქტივისტებისთვის;
  • ჟურნალისტებისთვის;
  • საინიციატივო ჯგუფებისთვის;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;
  • სტუდენტებისთვის;
  • პროფესიული სასწავლებლებისთვის;
  • ბიზნესს ასოციაციებისთვის;

რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო მონიტორინგი?

სამოქალაქო მონიტორინგი შესაძლებლობას გვაძლევს პროფესიულ დონეზე გავზომოთ, რეალურად რამდენად გამართულად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, რამდენად სწორად განსაზღვრავენ ისინი თავიანთი საქმიანობის პრიორიტეტებს და რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებებს. სამოქალაქო მონიტორინგი აძლიერებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სტიმულს აძლევს ადგილობრივ თვითმმართველობას თავის საქმიანობაში მეტად გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები და გაატაროს ეფექტური ადგილობრივი პოლიტიკა.

რას ისწავლი სამოქალაქო მონიტორინგის კურსზე?

კურსში წარმოდგენილი იქნება თუ როგორ უნდა დაიგეგმოს სამოქალაქო მონიტორინგის კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების ფარგლებში და რა უნდა გავითვალისწინოთ მონიტორინგის განხორციელების ეტაპზე: როგორ მოვიძიოთ პროექტის თაობაზე ინფორმაცია, როგორ დავგეგმოთ ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ინტერესთა ჯგუფებთან (პროექტის განმახორციელებლებთან, საზოგადოებასთან, მედიასთან), როგორ შევაფასოთ მონიტორინგის შედეგები და მოვამზადოთ ანგარიში.

კურსის ფარგლებში ასევე განხილული იქნება როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები, ასევე როგორ უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგი, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და მონიტორინგი გაუწიონ მის ხარჯვას და შესაბამისობას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. კურსის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული სამოქალაქო მონიტორინგის მაგალითებზე.

კურსის ხელმძღვანელია ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მას შემუშავებული არა ერთი პუბლიკაცია, სასწავლო მოდული და ტრენინგი ადგილობრივი თვითმმარველობის თემატიკაზე.

სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქტიული ონლაინ ლექციები Zoom პლატფორმის საშუალებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება. კურსზე სწავლა დაიწყება მარტში.

კურსზე სწავლა სრულად დაფინანსებულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ და წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. კურსის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • ისარგებლონ მენტორინგის შესაძლებლობით;
  • ეწვიონ მონიტორინგის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს და ადგილზე გაეცნონ წარმატებულ პრაქტიკებს;
  • დაესწრონ მოქალაქეთა მონაწილეობის მასშტაბურ ფორუმს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ელ–ფოსტის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 მარტი, 2024 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

სიახლეები