დასახლების საერთო კრება არის სოფლის, დაბის ან ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა. იგი დასახლების ან მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, გადაწყვეტასა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობას უზრუნველყოფს.
ვის შეუძლია მოიწვიოს კრება?
- შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%–ს;
- მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
- საერთო კრების რჩეულს.
როგორია მოწვევის პროცედურა?
ნაბიჯი 1 – შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული, არანაკლებ 3, ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი;
ნაბიჯი 2 – საინიციატივო ჯგუფი მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის ინიციატივის რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთოვდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და კრების დღის წესრიგი;
ნაბიჯი 3 – განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მერი არეგისტრირებს მას;
ნაბიჯი 4 – საინიციატივო ჯგუფი, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ადგენს საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიას – დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%–ის ოდენობით;
ნაბიჯი 5 – საინიციატივო ჯგუფი წარუდგენს მერს განაცხადს საერთო კრების მოწვევის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს სია;
ნაბიჯი 6 – მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე, შესაბამისი განცხადის წარდეგნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გამოსცემს რეგისტრაციის ცნობას;
ნაბიჯი 7 – საერთო კრების დღის წესრიგისა და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება, ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის განმავლობაში;
ნაბიჯი 8 – საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა ხელის აწევის წესით იმართება;
ნაბიჯი 9 – საერთო კრებაზე დგება კრების ოქმი. იგი უნდა მოიცავდეს თარიღს, გამართვის ადგილს, ნომერს, განხილულ საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე დამსწრეთა რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაციას;
ნაბიჯი 10 – საერთო კრების ოქმის ასლს მერიაში წარადგენს საერთო კრების ინიციატორი, კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.